თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ დამცველების უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილებას, რუსეთთან თურქეთის ურთიერთობა არ დაუზარალებია. ერდოღანი მიიჩნევს, რომ „აზოვსტალის“ დამცველების უკრაინაში დაბრუნება საბოლოოდ „პოზიტიური გარემოება აღმოჩნდა“ რუსეთთან ურთიერთობაში.
ერდოღანმა ამ საკითხზე 12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი უკრაინელი მებრძოლების დაბრუნებას ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით დათანხმდა.
„თავიდან რუსეთი აღშფოთებული იყო, შემდეგ კი, ეს დადებით გარემოებად გადაიქცა“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
თურქეთის პრეზიდენტი ხსენებული საკითხის განხილვას აგვისტოში გეგმავს, როდესაც პუტინი ანკარაში ჩავა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ გასულ შაბათს გამოაცხადა, რომ სამხედრო მეთაურები, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალის რკინისა და ფოლადის საწარმოს და თურქეთში დარჩნენ რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან.
პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ „აზოვსტალის“ ხუთი მეთაური თურქეთთან მოლაპარაკებების შემდეგ შაბათს უკრაინაში დააბრუნეს.
პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ხუთი მეთაური, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანას იცავდნენ, სამშობლოში დააბრუნეს. შაბათს საღამოს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე.
შედეგად, „აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ.
პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ისინი თურქეთში „სრული უსაფრთხოების, კომფორტული პირობებით და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მფარველობის ქვეშ, თურქეთში იმყოფებოდნენ.